English / ქართული / русский /
ნიკა ქიტოშვილიანა ანუშიძე
აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობაზე გავლენის მომხდენი ფაქტორები

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია აზერბაიჯანის, როგორც ახალგაზრდა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის, ეკონომიკურ სტაბილურობაზე მოქმედი ფაქტორების წარმოჩენა ქვეყნის, ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლების განხილვა.

ნაშრომი ეყრდნობა ორ მთავარ საკვლევ კითხვას:

  • რაში მდგომარეობს აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურება?
  • რა ფაქტორები ახდენს გავლენას აზერბაიჯანის ეკონომიკის სტაბილურობის განსაზღვრაზე?

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა,  ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ენერგეტიკული სექტორი

 შესავალი

აზერბაიჯანი არის ახალგაზრდა, დამოუკიდებელი,   ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მდიდარი ენერგეტიკული რესურსებით, გამორჩეულია გეოგრაფიული მახსიათებლებით, მდებარეობს ორი კონტინენტის შესაყარზე. ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას დიდწილად განაპირობებს მის ტერიტორიაზე გამავალი მნიშვნელოვანი ნავთობსადენები და გაზსადენები. აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გაიარა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. აღნიშნული პერიოდი სამ ფაზად იყოფა, 1991 – 1993 (პირველი ფაზა), 1993 – 2003 (მეორე ფაზა) და 2003-დან თანამედროვე პერიოდის ჩათვლით (მესამე ფაზა).  მთლიანობაში, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის  საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის მიმართულებით განვითარების, სტრატეგიები და პრიორიტეტები.  

აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის მიმოხილვა

„თანამედროვე, ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი არის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ამასთან საიმედო პარტნიორია ენერგეტიკის სფეროში როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.  აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან დღემდე. სირთულეები ობიექტურად აქვს ახალ დამოუკედებელ სახელმწიფოს, და ეს დაკავშრებულია გამოცდილების, ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებასთან, სახელმწიფო მექანიზმის ჩამოყალიბების რთულ და მეტად შრომატევად პროცესთან, შიდა პოლიტიკური სისტემის არა მდგრადობასთან და, რაც განსაკუთრებულად ართულებდა სიტუაციას, ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა დღემდე გრძელდება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე ბარიერს უქმნიდა საბჭოური მემკვიდრეობა და საზოგადოებაში ფესვებგადგმული საბჭოური კულტურა“(De Waal. 2016). მნიშვნელოვანია, რომ საბჭოური მემკვიდრეობის დაძლევა უმთავრესი გამოწვევაა აზერბაიჯანისთვის ეკონომიკის სფეროში.

„აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტი იყო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელება, საერთაშორისო და რეგიონული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება საიმედო და უსაფრთხო ენერგო პარტნიორის სახელის მოსაპოვებლად“ (De Waal. 2016). „ენერგეტიკული პოლიტიკა ფორმულირებულია ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ, შემდეგ კი ის გააფართოვა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.  ყველაფერი დაიწყო 1994 წელს, როდესაც ხელი მოეწერა „საუკუნის შეთანხმებას“.  პირველად ისტორიაში, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა კასპიის ზღვის გამოყენება მრავალეროვნულ კომპანიებთან ერთობლივი მუშაობისთვის და მან შეძლო მოეზიდა მრავალმილიარდიანი ინვესტიციები ნავთობის მრეწველობის დაწყება-განვითარებისთვის. ჯერ კიდევ მაშინ კასპიის ზღვის რესურსების მიწოდება დასავლეთის ბაზრისთვის ფანტაზია იყო.აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ ეს ფანტაზია გადააქციეს რეალობად, როდესაც მათ დაასრულეს გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ნავთობსადენის  მშენებლობა. სწორედ ამ პროექტების განხორციელებით დაიწყო აზერბაიჯანის მძლავრ ენერგომიმწოდებელ და ტრანსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბების ისტორია“(De Waal. 2016).

„აზერბაიჯანის წარმატებულმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც ამ სფეროს, ისე მთლიანად ეკონომიკის და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განვითარება.  ენერგეტიკამ განაპირობა აზერბაიჯანის სანდო პარტნიორად აღიარება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლა 2006 წელს, იყო ისტორიული ფაქტი, ეს იყო ახალი გლობალური მნიშვნელობის კორიდორის შექმნა. სიახლე რეგიონისთვის და მთელი კონტინენტისთვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში აზერბაიჯანს შეაქვს თავისი წვლილი განსაკუთრებით ევროპაში გაზის უსაფრთხო მიწოდებით. ქვეყანა გახდა მსოფლიოში უმსხვილესი გაზის ექსპორტიორი შაჰდენიზის წყალობით. მესამე ათასწლეულის მეორე ათწლეული არის მოწმე ტრანს ანატოლიის  (TANAP) და ტრანს ადრიატიკის მილსადენების  (TAP) პროექტების შექმნის. მე-20 საუკუნეში აზერბაიჯანს სჭირდებოდა უცხოური მხარდაჭერა  პროექტების განხორციელებისთვის, ახლა უკვე თავად ხდება ინიციატორი და მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბების პროექტების განხორციელებაში, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპის ენერგომომარაგებას. ტრანს-ადრიატიკის მილსადენის არჩევა ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის მთავარ საექსპორტო მარშუტად, იმის დემონსტრირებაა, რომ  ამ რეგიონში ნებისმიერი გლობალური პროექტის განხორციელება აზერბაიჯანის თანხმობის და მონაწილეობის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ბოლო 12 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მშპ გასამმაგდა. ბიუჯეტი კი 20-ჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, რთული ვითარებაა ქვეყნის რეგიონების უმრავლესობაში“ (Habibbeyli, 2017).

მკვლევარები აზერბაიჯანის ეკონომიკური ტრანზაციის პერიოდის განხილვისა და ანალიზისას ორი მიმართულებით ავითარდებენ მსჯელობას, პირველი, რეალობის შეფასება და საჭირო რეფორმების ფორმულირება, მეორე კი საბჭოური მემკვიდრეობის, როგორც ეკონომიკური განვითარების გზაზე განსაკუთრებული დამაბრკოლებელი ბარიერის ანალიზი. ავტორთა უმრავლესობა აზერბაიჯანის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად  სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიღწევას ასახელებს, ამისთვის კი ქვეყნის მოდერნიზაციას, მათ შორის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, უპირობო აუცილებლობად განიხილავენ.  ამასთან, ფართოდ განიხილება ის ხელის შემშლელი გარემოებები, რომლებიც განპირობებულია საბჭოთა მემკვიდრეობით, მაგალითად: რესურსების გამოყენებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, ნაკლები ყურადღების გამახვილება მდგრად განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, სოციალური კაპიტალის განვითარების დაბალი მაჩვენებელი, ურბანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

„ჰოლანდიური დაავადება“ რჩება  ქვეყნის დეინდუსტრიალიზაციის შედეგად არსებულ მთავარ საფრთხედ ქვეყნის ეკონომიკისთვის. როგორც წესი,  აღნიშნული საფრთხე ჩნდება მაშინ,  როცა ხდება ბუნებრივი რესურსების ხარჯვა,  ეროვნული ვალუტა დამოკიდებულია ერთ სფეროზე, სამრეწველო პოტენციალი იკლებს და არაკონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. იზრდება იმპორტი და მცირდება ექსპორტი.  2005 წლიდან მწავავედ დადგა ერთ სფეროზე დამოკიდებულების საფრთხე.  პრიორიტეტული გახდა რეგიონების განვითარება.

მნიშვნელოვანია იმ ავტორების მოსაზრებები, რომლებიც მუშაობენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების თემაზე. ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გამოყოფენ: „გეგმურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში ყველაზე რთული პრობლემა სოციალური და ეკონომიკური განვითარების მიღწევაა“ (Erdener Kaynak, Zenfira Nasirova. 2008). „გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სოციალური და ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის ფაქტორებზე, მაგალითად ურბანიზაციის დონეზე და სიმჭიდროვის ხარისხზე“ (Antonio Sanchez-Braza, Galyan Anna. 2018). “სწრაფი ტრანსფორმაციის პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ კაპიტალს და მის განვითარებას. საინტერესო მახასიათებელი აქვთ პოსტსაბჭოური ქვეყნების უმრავლესობის ახალგაზრდობას, მათ არ აქვთ საკმარისი კონტაქტები, გამოცდილება სოციალური კაპიტალის შესაქმნელად, რაც საბოლოო ჯამში მნიშნელოვან ბარიერს ქმნის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“ (Erik Lepisto. 2010). „აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო ფაქტორად მაკროეკონომიკური ვითარების არსებობა წარმოადგენს. სიღარიბის შემცირებისა და მდგომარეობის გამოსწორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წინაპირობად საშინაო ფაქტორებიდან  სამუშაო ადგილების შექმნას განიხილავს“ (Elvin N. Afandi, Gabor Pellenyi. 2014). “მოდერნიზაცია საჭიროა მართვის მექანიზმებში. ყურადღება უნდა გამახვილდეს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, ქვეყნის მოდერნიზაციაზე. ერთ-ერთი ამ სტრატეგული მნიშვნელობის საკითხებიდან არის ეკონომიკა, ის, რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის განვითარება“ (E. Rustamov. 2014). 

დასკვნა

ეკონომიკის ზრდა რესურსების გონივრულ, მდგრად გამოყენებასთან, უცხოური კაპიტალდაბანდებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასთან, საზოგადოებრივი ინსტიტუტების გამართულ მუშაობასთან, ადამიანური კაპიტელის გონივრულ მართვასთან არის დაკავშირებული.

აზერბაიჯანმა მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ენერგეტიკული რესურსები აქცია მთავარ დასაყრდენად საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში. ამას დაემატა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა საიმედო საერთაშორისო პარტნიორის სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელბა მოუტანა აზერბაიჯანს როგორც ერთი მხრივ ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიორ და როგორც ტრანზიტ ქვეყანას.

 გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის მშენებლობასთან დაკავშირებული რეფორმები ფართო მასების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მოსალოდნელი საერთო კეთილდღეობის ნაცვლად ისინი საზოგადოების მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას და საერთო დაძაბულობას ქმნის, ეს კი მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე. ამას ემატება ის გამოწვევები, რომლებიც, როგორც წესი, საერთოა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის საზოგადოებრივი ინსტიტუტების გარდაქმნა, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა, სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეთნიკური და კონფენსიური მშვიდობის უზრუნველყოფა.  საზოგადოებრივი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  Sánchez-Braza, Antonio.  Galyan, Anna. 2018. Relationship between economic growth and residential energy use in transition economies,  María del P. Pablo-Romero,  Published online (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემ მიერ).
  2. Afandi, Elvin N.  Pellenyi, Gabor. 2014. Evidence of Pro-Poor Growth in Azerbaijan,   Pages 5-31.  Published online. (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემ მიერ).
  3. E. Rustamov, E. 2014. Principles of the Evolutionary Modernization of Transitional Economies.    Pages 59-72.  Published online  (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემ მიერ).
  4. Habibbeyli, Arastu. 2017.  Reconsidering Azerbaijan’s Foreign Pplicy on the 25 th Anniversary of Restored Independence (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემ მიერ).
  5. De Waal, Thomas. 2016.  Azerbaijan at 25: A New Era of Change and Turbulence (მოყვანილი ციტატები ნათარგმნია ჩემ მიერ).
  6. Breban, Dan.  Mukhtarov, Elmir.  2017. The 2018 State Budget Project of Azerbaijan: From Consolidation to High Spending?  CESD Press, Baku.
  7. (ბოლო მონაცემები ნანახია 15. 01. 2019).